Saturday, November 7, 2015

სამოქალაქო განათლების და ახალგაზრდების ჩართულობის პრობლემები თერჯოლის სკოლებში

დილის 10 საათიაო მამცნო მაღვიძარამ და მეც სწრაფად ავდექი. დღეს სკოლებში კვლევა უნდა ჩავატარო და გავიგო რა პრობლემები  აქვთ ახალგაზრდებს. ვფიქრობ ადვილი არ იქნება, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა..

აი პირველი სკოლაც. ბავშვებს უკვე წარვუდგინე ჩემი თავი და კითხვარებიც დავურიგე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მათ უკვე დააფიქსირეს საკუთარი აზრი. აშკარაა, რომ ახალგაზრდები ენდობიან არასამთავრობო ორგანიზაცია "PIN"-ს. სულ 50 ბავშვი გამოიკითხა და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდებს საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ, რომლის მოსაგვარებლად ჯერ-ჯერობით არანაირი ღონისძიება არ იგეგმება ადგილობრივი თვითმართველობის მიერ. უფრო მეტიც, სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს ადგილობრივ ხელისუფლებას, ბავშვების ეს კატეგორია აცხადებს რომ: „არასოდეს მიგვიმართავს რაიონის თვითმართველობისთვის დახმარების სათხოვნელად, რადგან ვფიქრობთ რომ არანაირ შედეგს არ გამოიღებს ეს თხოვნა."

დღევანდელი დღე საკმაოდ დამღლელი იყო, თუმცა კმაყოფილი ვარ, რადგან ამ კვლევის ჩატარების პროცესში გამოიკვეთა ბევრი საყურადღებო ფაქტი. იმის გარდა  რომ სკოლებს არა აქვთ სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, სწავლებისათვის აუცილებელი ტექნიკა და საჭირო ინვენტარი, მათ ასევე აკლით სამოქალაქო განათლებაც. ეს პრობლემა პირველ რიგში პედაგოგებს ეხებათ, რადგან მოსწავლებისათვის მაგალითის მიმცემი სწორედ ისინი არიან. ჩემი პირადი დაკვირვების შედეგად თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს ჩვენი რაიონის სკოლებში აღნიშნული საკითხი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა უფროსი თაობის წარმომადგენლებს  "PIN"-ი პოლიტიკური პარტია ეგონათ და ფიქრობდნენ, რომ ჩვენ მათთან ფუჭი დაპირებების მისაცემად მივედით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხსენება ერთგვარ შიშს იწვევს უფროს თაობაში, სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთერთ სკოლაში ჩვენი არ შეშვების მიზეზად. დირექტორმა მანამდე არ მოგვცა ბავშვების გამოკითხვის საშვალება სანამ სამ ადგილას არ დარეკა და  არ დაუდასტურეს, რომ ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმირებული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრი.

საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდებს უფრო კარგად ესმით და  უკეთესად ხედავენ რეალობას ვიდრე მათზე უფროსები. მოსწავლეები შედარებით უფრო გაბედულად გამოთქვამენ საკუთარ აზრს, ვიდრე მათი პედაგოგები.
კვლევის ზუსტი შედეგები მალე გამოქვეყნდება. ფაქტია, რომ პრობლემები თეროლის რაიონში ნამდვილად თავზესაყრელადაა და იმედია ახალგაზრდების დახმარებით და მონაწილეობით მათ ნაწილს მალე მოვაგვარებთ.

ავტორი: ანა რობაქიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი. 



Wednesday, November 4, 2015

"სოფლებს სჭირდებათ სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები" - YISAP-ის კვლევა წყალტუბოში

,,ახალგაზრდული ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულებისპროექტის’’ ფარგლებში ახალგაზრდული კომიტეტის წევრებმა მოვაწყვეთ საჯარო შეხვედრები.შევხვდით სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ვესაუბრეთ მათ ჩვენი პროექტის შესახებ და გავაცანით მათ ჩვენი საქმიანობა. 

ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს კვლევაში რომელიც ჩვენს მიერ იქნა შეთავაზებული და დააფიქსერეს საკუთარი მოსაზრებები ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს არ დაფიქსირებულა ბევრი ისეთი პრობლემა რომელიც არ იყო შეტანილი კვლევის კითხვარში. თუმცა გამოიკვეთა ერთი ყველაზე მთავარი, სოფლებს სჭირდებათ მათთვის გამოყოფილი სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები, ვინაიდან აღნიშნული პრობლემის გადაუჭრელობის გამო თავს იჩენს სხვა ახალი პრობლემები. ვფიქრობ რომ აღნიშნული პრობლემა მართლაც მწვავედ დგას ჩვენს მუნიციპალიტეტში და დიდი სურვილი მაქვს სხვა პრობლემებთან ერთად ყურადღება მიექცეს ჩემს მიერ ზემოთ აღნიშნულსაც. იმედი მაქვს ამ პრობლემის აღმოფხვრას ჩვენი პროექტის ფარგლებში აუცილებლად მოვახერხებთ.


                                                                                  
ავტორი:    მარიამ მამისეიშვილი, წყალტუბოს ახალგაზრდული კომიტეტის წევრი.





Sunday, November 1, 2015

რჩევები დამწყებ ბლოგერებს


ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროგრამა, ტრენინგებს ატარებს სოციალურ მედიასთან დაკავშირებით. ამ ტრენინგებს დავესწარი სულ ორჯერ და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე სოციალური მედიის სხვადასხვა ვებ-საიტებთან დაკავშირებით. გავიგე, თუ როგორ შეიძლება facebook-ის გამოყენება არა მარტო გასართობად, არამედ სხვა საინტერესო მიზნებისთვისაც. ვისწავლე ბლოგებზე მუშაობა, რომელიც ძალიან საინტერესო გახდა ჩემთვის. აქამდე ბლოგზე თითქმის არაფერი ვიცოდი, ხოლო ამ ტრენინგების შემდეგ შემიძლია ჩემს თავს დამწყები ბლოგერიც კი ვუწოდო.

ვისაც წერა გიყვართ ეს ბლოგი თქვენთვის არის სწორედ. შეგიძლიათ შეხვიდეთ  საიტზე: blogger.com, დარეგისტრირდეთ და დაიწყოთ თქვენთვის განსაკუთრებული თემის შესახებ წერა, მერწმუნეთ ყველაზე საინტერესო ვებ-საიტია ,რადგან ხშირად კონკურსები ტარდება, სადაც თქვენი ნამუშევრის წარმოდგენაა შესაძლებელი.

აუცილებლად დარეგისტრირდით და წერეთ!


მე ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ბლოგების წერა ისევე აქტიური იქნება საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, რადგან ბლოგი პრესის მომავალია მსოფლიოში. ბოლოს, როგორც დამწყებ ბლოგერს, შემიძლია ერთი რჩევა მოგცეთ, რა თემაც არ უნდა გქონდეთ არჩეული ბლოგისთვის, უნდა შეეცადოთ, რომ ეს ყველაფერი გულით აკეთოთ და აუცილებლად გახდებით წარმატებული ბლოგერი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი


Wednesday, October 28, 2015

შრომა,რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ცვლილებებამდე!


ნუცა ბასილაშვილი
ყველაზე ნამდვილი სამყარო ისაა, რომელსაც თავად შექმნიო და დავიჯერეთ.

30 ახალგაზრდა საკუთარი სამყაროს შესაქმნელად წავედით ბაკურიანში და მერე, როგორც ხდება ხოლმე, იმაზე საპასუხისმგებლო მისია აღმოგვაჩნდა, ვიდრე ველოდით.

მუნიციპალური გეგმა უნდა დავწეროთო..

მაგრამ, ყველაფერი დაიწყო იმით,რომ საგარეჯოს რამდენიმე ათეულ სკოლაში ვიყავით და ვსვამდით კითხვას: „რა სჭირდებათ ახალგაზრდებს?“. 

და მერე მოხდა ის, რომ ერთ გეგმაში ჩავატიეთ სურვილები არაფორმალური განათლებიდან ხელმისაწვდომ ტრანსპორტირებამდე და როცა საკუთარ შრომას ტაში დავუკარით, ზუსტად იმ წამს დაინახავდით, რა რთულია, მიხვიდე ათასი პრობლემიდან საერთო გამოსავლამდე და რომ კიდევ უფრო რთულია, გაწუხებდეს ათასი პრობლემა.

გამოსავლის პოვნა, სურვილივით, ნახევარი საქმე რომაა, თქვენც იცით. ყველაზე რთული მისი შედეგად ქცევაა. 

რთულ საქმეს შევეჭიდეთ. 

ახლა რომ სადღაც, მაღალმთიან სოფელში, ჩემი თანატოლი ზის და არ იცის, როგორ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, მომავალ წელს უნდა იცოდეს. ახლა რომ სკოლის მოსწავლეებს არ აქვთ საშუალება, თავისუფალი დრო სწორად დაგეგმონ, შემდეგ წელს უნდა იცოდნენ... 

იტყვით, ზედმეტად დარწმუნებული ხარ საკუთარ თავშიო... ასეცაა.. ჩვენ თუ არ გავიაზრეთ რა შეგვიძლია და რამდენის შეცვლის რესურსს ვფლობთ, სხვა ამას არ იზამს... როცა მესმის, რომ ქალაქისგან მოშორებულ სოფელში ბავშვებს არ აქვთ სივრცე,რესურსი, რომ თანატოლებთან ერთად პროდუქტიულად გაატარონ დრო, სულ ვფიქრობ: მე უნდა შევცვალო,ჩვენ უნდა შევცვალოთ!

დიახ, ჩვენ უნდა შევცვალოთ იმიტომ, რომ ეს შეგვიძლია!

ახლა წინ რამდენიმე თვე და ღირებული მიზანია: მივცეთ ახალგაზრდებს ის, რაც სჭირდებათ. ჰქონდეთ სივრცე და შესაძლებლობები, რომ 5-10 წლის შემდეგ, მათ თქვან, რომ სამყაროს შესაქმნელად მიდიან.

ხშირად ვამბობ ხოლმე, ჰკითხეთ ახალგაზრდებს,რა სჭირდებათ და მიიღებთ მათგან იმ ცვლილებებს,რაც ყველას გვჭირდება.

ჩვენი მუშაობა სწორედ ამ პრინციპს ემყარება. პირველ ეტაპზე, ახალგაზრდებს, რომლებსაც გვინდა შესაძლებლობები მივცეთ, ვაცნობთ მუნიციპალურ გეგმას და ვიღებთ მათგან რეკომენდაციებს. ეს მთავარი და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა- მიიღო რჩევა,შენიშვნა და დაანახო მათ, რომ საჭიროები არიან..


ნოემბრიდან დაიწყება დატვირთული, საინტერესო და სასიამოვნო მუშაობა ახალგაზრდებთან ერთად,ახალგაზრდებისთვის... 

შრომა,რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ცვლილებებამდე!

ავტორი:
ნუცა ბასილაშვილი, საგარეჯოს ახალგაზრდული კომიტეტის წევრი.

Sunday, October 11, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი სოფელ იორმუღანლოში

11 ოქტომბერს "ახალგაზრდების ჩართულობის და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის" ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ იორმუღანლოს სკოლაში სოციალურ მედიის ტრენინგი ჩატარდა. 


ტრენინგს ადგილობრივი, აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებიც სოფელში ახალგაზრდულ კომიტეტს ქმნიან. 




ტრენინგის მიზანი იყო, ახალგაზრდებისთვის სოციალური მედიის როლის და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ტრენინგი დისკუსიით გაიხსნა და რის შემდეგაც ტრენერმა გიო ბეჟანიშვილმა მონაწილეებს ფეისბუქის და სხვადასხვა სოციალური ვებ საიტების მუშაობის პრინციპები აუხსნა. ტრენინგის დასასრულს ახალგაზრდებმა ბლოგის დარეგისტრირება და სტატიის შექმნა შეისწვლეს. მათ ასევე  ინფორმაცია მიეწოდათ YISAP-ის ბლოგების კონკურსის შესახებ, 





ტრენინგი მონაწილეების მხრიდან დადებითად შეფასდა. მათ მსგავსი ტრენინგის მომავალში ჩატარების შესახებ იმედი და მზაობა გამოთქვეს. 






Thursday, October 1, 2015

ბლოგების კონკურსი



არასამთავრებო ორგანიზაცია „People In Need” (“ადამიანი გაჭრივებაში) აცხადებს ბლოგების კონკურსს "ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის" ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას სოციალური მედიის პოპულარიზაციაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  თერჯოლის, წყალტუბოს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს (14-29 წლის).  კონკურსში მონაწილე ბლოგერებს მოეთხოვებათ:

ა) სისტემატიურად აწარმოვონ ბლოგი და მოახდინონ საკუთარი ბლოგპოსტების პოპულარიზაცია სხვადსხვა სოც. ქსელებში.

ბ) ბლოგებისათვის შეარჩიონ თემატიკა: ახალგაზრდობა, სოციალური პრობლემები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ინიციატივების გაზიარება, ადამიანის უფლებები.

ბლოგი უნდა იყოს დაწერილი სილფაენში;
ფონტის ზომა - 12;
სიტყვების რაოდენობა: 200-დან  700 სიტყვამდე.

კონკურსში მონაწილეობისათვის გთხოვთ გამოაგზვნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და თქვენი ბლოგის მისამართი.


კონკურსი ძალაშია პირველი სექტემბრიდან და გაგრძელდება 10 დეკემბრამდე. ამ დროის მანძილზე ჟიური დააკვირდება გამოქვეყნებულ პოსტებს და ბლოგერების მუშაობის სპეციფიკას.

შეფასების კრიტერიუმებია:

ა) ბლოგის შინაარსი
ბ) ბლოგის ვიზუალური მხარე
გ) მკითხველის აქტიურობა


 კონკურსის ბოლოს დასახელდება სამი გამარჯვებული ბლოგერი. გამარჯვებულებს გადაცაეცემათ: ტაბლეტი, ფოტოკამერა, სმარტფონი.

გთხოვთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია გადმოაგზავნოთ შემდეგ მეილებზე:

giorgi.bezhanishvili@peopleinneed.cz