ყველაზე ნამდვილი
სამყარო ისაა, რომელსაც თავად შექმნიო და დავიჯერეთ.
30 ახალგაზრდა საკუთარი სამყაროს შესაქმნელად წავედით ბაკურიანში და მერე, როგორც ხდება ხოლმე, იმაზე საპასუხისმგებლო მისია აღმოგვაჩნდა, ვიდრე ველოდით.
მუნიციპალური გეგმა უნდა დავწეროთო..
მაგრამ, ყველაფერი დაიწყო იმით,რომ საგარეჯოს რამდენიმე ათეულ სკოლაში ვიყავით და ვსვამდით კითხვას: „რა სჭირდებათ ახალგაზრდებს?“.
და მერე მოხდა ის, რომ ერთ გეგმაში ჩავატიეთ სურვილები არაფორმალური განათლებიდან ხელმისაწვდომ ტრანსპორტირებამდე და როცა საკუთარ შრომას ტაში დავუკარით, ზუსტად იმ წამს დაინახავდით, რა რთულია, მიხვიდე ათასი პრობლემიდან საერთო გამოსავლამდე და რომ კიდევ უფრო რთულია, გაწუხებდეს ათასი პრობლემა.
გამოსავლის პოვნა, სურვილივით, ნახევარი საქმე რომაა, თქვენც იცით. ყველაზე რთული მისი შედეგად ქცევაა.
რთულ საქმეს შევეჭიდეთ.
ახლა რომ სადღაც, მაღალმთიან სოფელში, ჩემი
თანატოლი ზის და არ იცის, როგორ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, მომავალ
წელს უნდა იცოდეს. ახლა რომ სკოლის მოსწავლეებს არ აქვთ საშუალება, თავისუფალი დრო
სწორად დაგეგმონ, შემდეგ წელს უნდა იცოდნენ...
იტყვით, ზედმეტად დარწმუნებული ხარ საკუთარ
თავშიო... ასეცაა.. ჩვენ თუ არ გავიაზრეთ რა შეგვიძლია და რამდენის შეცვლის რესურსს
ვფლობთ, სხვა ამას არ იზამს... როცა მესმის, რომ ქალაქისგან მოშორებულ სოფელში ბავშვებს
არ აქვთ სივრცე,რესურსი, რომ თანატოლებთან ერთად პროდუქტიულად გაატარონ დრო, სულ ვფიქრობ:
მე უნდა შევცვალო,ჩვენ უნდა შევცვალოთ!
დიახ, ჩვენ უნდა
შევცვალოთ იმიტომ, რომ ეს შეგვიძლია!
ახლა წინ რამდენიმე
თვე და ღირებული მიზანია: მივცეთ ახალგაზრდებს ის, რაც სჭირდებათ. ჰქონდეთ სივრცე და
შესაძლებლობები, რომ 5-10
წლის შემდეგ, მათ თქვან, რომ სამყაროს შესაქმნელად მიდიან.
ხშირად ვამბობ ხოლმე, ჰკითხეთ ახალგაზრდებს,რა სჭირდებათ და მიიღებთ მათგან იმ ცვლილებებს,რაც ყველას გვჭირდება.
ჩვენი მუშაობა სწორედ ამ პრინციპს ემყარება. პირველ ეტაპზე, ახალგაზრდებს, რომლებსაც გვინდა შესაძლებლობები მივცეთ, ვაცნობთ მუნიციპალურ გეგმას და ვიღებთ მათგან რეკომენდაციებს. ეს მთავარი და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა- მიიღო რჩევა,შენიშვნა და დაანახო მათ, რომ საჭიროები არიან..
ნოემბრიდან დაიწყება დატვირთული, საინტერესო და სასიამოვნო მუშაობა ახალგაზრდებთან ერთად,ახალგაზრდებისთვის...
შრომა,რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ცვლილებებამდე!
ავტორი:
ნუცა ბასილაშვილი, საგარეჯოს ახალგაზრდული კომიტეტის წევრი.
0 comments:
Post a Comment