დილის 10 საათიაო მამცნო მაღვიძარამ და მეც სწრაფად ავდექი. დღეს სკოლებში კვლევა უნდა ჩავატარო და გავიგო რა პრობლემები აქვთ ახალგაზრდებს. ვფიქრობ ადვილი არ იქნება, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა..
აი პირველი სკოლაც. ბავშვებს უკვე წარვუდგინე ჩემი თავი და კითხვარებიც დავურიგე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მათ უკვე დააფიქსირეს საკუთარი აზრი. აშკარაა, რომ ახალგაზრდები ენდობიან არასამთავრობო ორგანიზაცია "PIN"-ს. სულ 50 ბავშვი გამოიკითხა და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდებს საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ, რომლის მოსაგვარებლად ჯერ-ჯერობით არანაირი ღონისძიება არ იგეგმება ადგილობრივი თვითმართველობის მიერ. უფრო მეტიც, სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს ადგილობრივ ხელისუფლებას, ბავშვების ეს კატეგორია აცხადებს რომ: „არასოდეს მიგვიმართავს რაიონის თვითმართველობისთვის დახმარების სათხოვნელად, რადგან ვფიქრობთ რომ არანაირ შედეგს არ გამოიღებს ეს თხოვნა."
დღევანდელი დღე საკმაოდ დამღლელი იყო, თუმცა კმაყოფილი ვარ, რადგან ამ კვლევის ჩატარების პროცესში გამოიკვეთა ბევრი საყურადღებო ფაქტი. იმის გარდა რომ სკოლებს არა აქვთ სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, სწავლებისათვის აუცილებელი ტექნიკა და საჭირო ინვენტარი, მათ ასევე აკლით სამოქალაქო განათლებაც. ეს პრობლემა პირველ რიგში პედაგოგებს ეხებათ, რადგან მოსწავლებისათვის მაგალითის მიმცემი სწორედ ისინი არიან. ჩემი პირადი დაკვირვების შედეგად თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს ჩვენი რაიონის სკოლებში აღნიშნული საკითხი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა უფროსი თაობის წარმომადგენლებს "PIN"-ი პოლიტიკური პარტია ეგონათ და ფიქრობდნენ, რომ ჩვენ მათთან ფუჭი დაპირებების მისაცემად მივედით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხსენება ერთგვარ შიშს იწვევს უფროს თაობაში, სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთერთ სკოლაში ჩვენი არ შეშვების მიზეზად. დირექტორმა მანამდე არ მოგვცა ბავშვების გამოკითხვის საშვალება სანამ სამ ადგილას არ დარეკა და არ დაუდასტურეს, რომ ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმირებული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრი.
საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდებს უფრო კარგად ესმით და უკეთესად ხედავენ რეალობას ვიდრე მათზე უფროსები. მოსწავლეები შედარებით უფრო გაბედულად გამოთქვამენ საკუთარ აზრს, ვიდრე მათი პედაგოგები.
კვლევის ზუსტი შედეგები მალე გამოქვეყნდება. ფაქტია, რომ პრობლემები თეროლის რაიონში ნამდვილად თავზესაყრელადაა და იმედია ახალგაზრდების დახმარებით და მონაწილეობით მათ ნაწილს მალე მოვაგვარებთ.
ავტორი: ანა რობაქიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი.
0 comments:
Post a Comment